რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მრავალმნიშვნელოვანი გახდა, თურქეთი მიიჩნევს, რომ საქართველო წამყვანი ელემენტია რეგიონული თანამშრომლობისთვის
თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მრავალმნიშვნელოვანი გახდა და თურქეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის წამყვანი ელემენტი რეგიონული თანამშრომლობისთვის, – თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ერთად მოქმედება, განსაკუთრებით რეგიონულ სატრანსპორტო და ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით.
თურქული მედია წერს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე გამოხატა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მექანიზმის განახლების სურვილი. ერდოღანმა ღარიბაშვილს ხანძრებთან დაკავშირებით მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, რეგიონულ საკითხებზეც ისაუბრეს.