რეჯეფ თაიფ ერდოღანი - „თავისუფალი სირიის არმია“ აფრინის ცენტრს თითქმის სრულად აკონტროლებს
თურქეთის მხარდაჭერით მოქმედი „თავისუფალი სირიის არმია“ აფრინის ცენტრს თითქმის სრულად აკონტროლებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
ერდოღანის თქმით, სირიელმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაკავება დღეს დილით შეძლეს.
გავრცელებული ცნობით, ამჟამად ბრძოლა ქალაქის ქუჩებში კვლავ გრძელდება.
აფრინისთვის ბრძოლა თითქმის ორი თვეა გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების გამო, ათასობით ადამიანმა ქალაქი დატოვა. სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, ამ ხნის მანძილზე დაიღუპა 280 მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ანკარა ამას უარყოფს.
თურქეთში ამტკიცებენ, რომ სირიელი ქურთები, რომლებიც ამ დრომდე აკონტროლებდნენ აფრინს, თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობენ. „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება. სირიელი ქურთები ამ ბრალდებას უარყოფენ.