რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ანკარა განაგრძობს
სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ანკარა განაგრძობს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი საკუთარი ძალების მობილიზებას ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოახდენს და სირიის ჩრდილოეთში მყოფი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციას დროებით გადადებს.
სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელ კოლეგას ტელეფონით გაესაუბრა.
სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება იყო. ტერორისტული დაჯგუფება კი დამარცხებულია.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას დასავლეთი არ იზიარებს. ევროპაში მიაჩნიათ, რომ რადიკალები სირიაში გარკვეულ ტერიტორიას ამ დრომდე აკონტროლებენ.