რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის პრემიერ-მინისტრისგან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონისგან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. შვედური მედიის ცნობით, ერდოღანმა შვედეთის მთავრობას გაახსენა ათი წლის წინ პეტერ ჰულტკვისტის გამოსვლა წვეულებაზე, სადაც ის დადებითად საუბრობდა „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და მის დაპატიმრებულ ლიდერ აბდულა ოჯალანზე.
2011 წელს პეტერ ჰულტკვისტი – მაშინდელი სოციალ-დემოკრატების პარლამენტის წევრი, დაესწრო წვეულებას ქალაქ ბურლენგეში, რომელიც ეძღვნებოდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 33 წლის იუბილეს. სამი წლის წინ გაირკვა, რომ პეტერ ჰულტკვისტის სახელი მოხვდა მოხსენებაში, სახელწოდებით „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მშენებლობა ევროპაში, რომელიც თურქეთის მმართველ პარტიასთან და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ახლო კავშირში მყოფმა ანალიტიკურმა ცენტრმა, „სეტამ“ შეადგინა.