რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პუმანიტარული პაუზის გამოცხადება და შეთანხმება მძევლებისა და პატიმრების გაცვლის საკითხზე, პოზიტიური მოვლენაა, ვიმედოვნებთ, ეს ნაბიჯი მუდმივ ცეცხლის შეწყვეტამდე მიგვიყვანს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გაცლაზე შეთანხმება და ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადება პოზიტიური მოვლენაა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი მშვიდობის მომტანი იქნება.
„პოზიტიური მოვლენაა ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადება და შეთანხმების მიღწევა მძევლებისა და პატიმრების გაცვლის საკითხზე, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი მიგვიყვანს მუდმივ ცეცხლის შეწყვეტამდე, რაც ჩვენი პრიორიტეტია და რომლის გამოცხადებას ველით რაც შეიძლება მალე და ასევე მშვიდობამდე“, – აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი.
„ოცეულის ჯგუფის“ სამიტზე ონლაინჩართვისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები ღაზაზე ომის დანაშაულია და პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა გასამართლდნენ.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.