რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული, სამართლიან სამშვიდობო პროცესს კი, დამარცხებული
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტი გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატია საუკეთესო გზაა ამ ომის დასასრულებლად.
„ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმ კრიზისთან მიმართებაში, რომელიც შეიქმნა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით. უკრაინის კონფლიქტი უკვე შვიდი თვეა, მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს დიპლომატიის მნიშვნელობას უთანხმოების მშვიდობიანად გადასაწყვეტად დიალოგის მეშვეობით. სწორედ ამიტომ შევკრიბეთ ერთად მხარეები ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, შემდეგ კი სტამბოლში, რათა ხელი შეგვეწყო შერიგების პროცესისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.
გარდა ამისა, ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თურქეთისა და გაერო-ს ძალისხმევა უკრაინიდან სურსათის ექსპორტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ და მას ათწლეულის განმავლობაში გაერო-ს უდიდესი მიღწევა უწოდა.
ამასთან, ერდოღანმა განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით.
„მიმდინარეობს კონფლიქტის ესკალაცია და ჩვენ ვდებთ უდიდეს ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით. ჩვენ მივმართეთ ყველა ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, მხარი დაუჭირონ თურქეთის მშვიდობიან ინიციატივას ამ უთანხმოების დასარეგულირებლად. ჩვენ გვჭირდება ამ კრიზისიდან ღირსეული გამოსავალი და ამის ერთადერთი გზა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიით, რომელიც არის რაციონალური, სამართლიანი და მისაღები“, – აღნიშნა ერდოღანმა.