რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მზად ვართ, ვისაუბროთ, შევხვდეთ, რომ კვიპროსზე მუდმივ მშვიდობასა და გადაწყვეტას მივაღწიოთ
კვიპროსში თურქეთის შეჭრიდან 50 წელი გავიდა, ქვეყნის ორად გაყოფილ დედაქალაქ ნიქოზიაში დილიდან განსხვავებული განწყობაა. კვიპროსელი ბერძნები გლოვობენ, კვიპროსელი თურქები კი ზეიმობენ.
საბერძნეთსა და თურქეთს შორის ეთნიკურად გაყოფილი კუნძული დაძაბულობის მუდმივი წყაროა.
კუნძულის ჩრდილოეთში არაღიარებული თურქული ადმინისტრაციის ღონისძიებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებოდა.
სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლა შეჩერებულია, ერთი შეხედვით შეუთავსებელი კონცეფციის გამო – კვიპროსელ ბერძნებს სურთ გაერთიანება, როგორც ფედერაციას, კვიპროსელ თურქებს კი სურთ ორი სახელმწიფოს პრინციპით მორიგება.
კვიპროსმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1960 წელს მოიპოვა, მაგრამ კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის საერთო ადმინისტრაცია ძალადობის შედეგად სწრაფადვე დაიშალა, ამის მერე კი თურქი კვიპროსელები ანკლავებში გაიყვანეს და ამან გამოიწვია გაერო-ს სამშვიდობო ძალების გაგზავნა.
თურქეთი კვიპროსის ჩრდილოეთში 1974 წლის 20 ივლისს შეიჭრა, მას შემდეგ, რაც კვიპროსის ეროვნულმა გვარდიამ სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო.
ჩრდილოეთ კვიპროსში გამართულ ღონისძიებაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კვიპროსის გაერთიანება ფედერაციის პრინციპით შეუძლებელია.
„1974 წელს არაადამიანურმა თავდასხმებმა, რომლებიც სამიზნეში იღებდა თურქი კვიპროსელების არსებობას, პიკს მიაღწია. ზუსტად 50 წლის წინ, ამ დღეს, გმირმა თურქმა სამხედროებმა გადადგეს ისტორიული ნაბიჯი იმ ხანჯლის გამოსაგლეჯად, რომლის დარტყმასაც ცდილობდნენ კვიპროსელი თურქების დამოუკიდებლობისთვის. კუნძულზე არსებული რეალობის უგულებელყოფით ვერსად ვერ წავალთ. ჩვენ გვჯერა, რომ კვიპროსის ფედერალური გადაწყვეტა შეუძლებელია. კვიპროსის თურქული მხარე ბერძნულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა სფეროში თანაბრად უნდა დაჯდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ: „თუ გსურთ გამოსავალი, მაშინ დაარეგისტრირეთ კვიპროსელი თურქების უფლებები“. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, შევხვდეთ და მივაღწიოთ მუდმივ მშვიდობასა და პრობლემების გადაწყვეტას კვიპროსზე“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.