რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში პორტების, აეროპორტის მშენებლობაში, ენერგეტიკულ პროექტებში, გამოვთქვით უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის სურვილიც
მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში პორტების, აეროპორტის მშენებლობაში, ენერგეტიკულ პროექტებში, გამოვთქვით უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის სურვილიც, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთსა და საქართველოს ბიზნესშესაძლებლობების სრულად ათვისების პოტენციალი აქვს.
„გასულ წელს ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ. ერთმანეთს აღვუთქვით, რომ ახალი სამიზნე, ორიენტირი იქნება ხუთი მილიარდი. მიმაჩნია, გვაქვს პოტენციალი, ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნესშესაძლებლობები სრულად ავითვისოთ.
რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება, იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება. ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტებზეც იმავე წარმატებით ვიმუშავებთ. პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა – აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკულ პროექტებში, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც გამოვთქვით სურვილი და დაპირება.
ასევე, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას“ და „პეკაკას“ მიმართულებით დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნასა და დასჯას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.