რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს ღაზაში მიმდინარე ომის საკითხზე სამიტის გამართვისკენ მოუწოდებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს ღაზაში მიმდინარე ომის საკითხზე სამიტის გამართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას მოუწოდა, მოიწვიოს საგანგებო სამიტი ღაზაში მიმდინარე ომისა და „ისრაელის მიერ იერუსალიმზე განხორციელებული თავდასხმების განსახილველად“.
„წარმოუდგენელია, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობაა იერუსალიმის საკითხზე ზრუნვა, გულგრილი დარჩეს ამ თავდასხმების მიმართ. აუცილებელია, რომ ორგანიზაცია შეიკრიბოს რაც შეიძლება მალე“,- განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მიმართავს ჰააგის სასამართლოს თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე აიზენურ ეზგი ეიგის მკვლელობის გამო, რომელიც გასულ კვირას დასავლეთ სანაპიროზე, ებრაული დასახლებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოკლეს.
„გენოციდის ჩამდენი ისრაელის ხელმძღვანელობა აუცილებლად აგებს პასუხს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია 57 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. მათ შორის არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, ეგვიპტე, ირანი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.