რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს დასავლეთს, ისრაელის წინააღმდეგ „შემაკავებელი ზომები“ მიიღოს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთს მოუწოდებს, ისრაელის წინააღმდეგ „შემაკავებელი ზომები“ მიიღოს. შესაბამისი განცხადება მან პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ერდოღანის თქმით, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულმა თავდასხმებმა აჩვენა, რომ ისრაელის მთავრობა ომის გავრცელებას რეგიონში გეგმავს.
როგორც „როიტერი“ წერს, ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მისი გამოსვლის მთავარი თემა ღაზაში ისრაელის ომი იქნება.
„იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი არ იყოს ჩათრეული დიდ კატასტროფაში, ისრაელზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. დროა, ყველა ქვეყანამ, რომელსაც მსოფლიო მშვიდობის დაცვის მისია აკისრია, წარმოადგინოს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეაჩერებს ისრაელს. იმისთვის, რომ დასრულდეს ეს ჩაგვრა, რომელიც თითქმის ერთი წელია, გრძელდება, დამყარდეს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება, ყველა ჩვენგანს, მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით, გაერო-ს, მნიშვნელოვანი მოვალეობები აკისრია“, – განაცხადა ერდოღანმა.