რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მოსკოვისგან საზენიტო სარაკეტო სისტემების ეს-400-ების შეძენა თურქეთის სუვერენული უფლებაა
ანკარას მიერ მოსკოვისგან საზენიტო სარაკეტო სისტემების ეს-400-ების შეძენა თურქეთის სუვერენული უფლებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ უკვე მოვამზადეთ ეს-400-ებთან დაკავშირებით შეთანხმების განხორციელების საგზაო რუკა, გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები, ყველაფერი უკვე დასრულებულია. ამის შემდეგ ვინმე გამოდის ამის წინააღმდეგ, გვიბრძანებს, უარი ვთქვათ შეთანხმებაზე? თუ ჩვენ უკვე შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას, ბუნებრივია, ჩვენ წინსვლას გავაგრძელებთ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, ვერავინ მოითხოვს ჩვენგან, უარი ვთქვათ ამაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.
მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე თურქეთისა და რუსეთის ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს. პრეზიდენტების თქმით, შეხვედრისას ძირითადად განიხილებოდა ეკონომიკის საკითხები.
ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებებს საქმიანი და კონკრეტული უწოდა, თუმცა მისი თქმით, შეხვედრას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უთანხმოება თურქეთის მიერ რუსული მეტალურგიული მრეწველობისთვის დაწესებულ გადასახადებს ეხებოდა. პუტინის განცხადებით, ყველა სირთულის მიუხედავად, მხარეები განაგრძობენ კარგი შედეგით აქტიურ ერთობლივ მუშაობას.
„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მთელი მოლაპარაკებების განმავლობში ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ვაქებდით და მიღწევებზე ვსაუბრობდით, ეს ასე არ არის“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, ენერგეტიკულ პროექტებსა და სირიის კრიზისს დაუთმეს.
ამასთან, თურქეთი და რუსეთი პროფესიონალი მძღოლებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე შეთანხმდნენ.