რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მომწონს უკრაინის პრეზიდენტის მესიჯები, რომელსაც საღი აზრი აქვს და პრიორიტეტს დიალოგს ანიჭებს
მომწონს უკრაინის პრეზიდენტის მესიჯები, რომელსაც საღი აზრი აქვს და პრიორიტეტს დიალოგს ანიჭებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიევში განაცხადა.
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა კიევში სამი საათი გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ ზელენსკიმ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა ყირიმის ჩათვლით და ვლადიმირ ზელენსკის სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად ანკარა შესთავაზა.
„სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თურქეთში სამიტს ორი ქვეყნის პრეზიდენტების ან ტექნიკური ჯგუფების დონეზე. ჩვენი ვიზიტი მგრძნობიარე პერიოდს დაემთხვა. სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო განცხადება, ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებული სცენარები აუძლურებენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. მომწონს უკრაინის პრეზიდენტის მესიჯები, რომელსაც საღი აზრი აქვს და პრიორიტეტს დიალოგს ანიჭებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.