რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ გადაწყვეტა, როდის დასრულდება ომი
მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ იმის გადაწყვეტა, როდის დასრულდება ომი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების ვადებს ვერ ასახელებს.
„შეუძლებელია, გითხრათ ზუსტი თარიღი, როდის დასრულდება ეს ომი ან რამდენ ხანს გაგრძელდება“, – თქვა მან.
პუტინთან დისკუსიის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ „მოსალოდნელია, კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ჩვენ გვსურს, გვქონდეს ამის დიდი იმედი. პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მხარეს“, – თქვა მან.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ისეთივე სანდოა, როგორც დასავლეთი.
”მე არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო მათ. რამდენადაც დასავლეთი, ასევე რუსეთიც ერთნაირად სანდოა. ბოლო 50 წელია, ჩვენ ევროკავშირის კართან ვიცდით. ამ მომენტში მე ვენდობი რუსეთს. ისევე, როგორც მე ვენდობი დასავლეთს“, – თქვა მან.
როდესაც მას ჰკითხეს ბოლო შენიშვნების შესახებ, რომლებიც მან ევროკავშირთან საჭიროების შემთხვევაში დაშორების შესახებ გააკეთა, პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მიესალმება ნებისმიერ პოზიტიურ წინსვლას.
„თურქეთი ბოლო ხუთი ათწლეულის მანძილზე დგას ევროკავშირის კართან. ჩვენ ყოველთვის თვითკმარი ვიყავით. ჩვენ არასდროს ვეყრდნობოდით ევროკავშირისგან მიღებულ მხარდაჭერას, ამიტომ ეს ჩვენთვის არც კი არის საჭირო“, – დასძინა მან.
პრეზიდენტმა ერდოღანმა გვერდი აუარა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ პუტინს არ უნდა ენდობოდეს მისი როლის გამო მარცვლეულის შეთანხმებასა და უკრაინის ომში.
„ჩემი ბუნებრივი აირის ნახევარი რუსეთიდან მოდის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს სოლიდარობა. ჩვენ ვდგამთ ორმხრივ ნაბიჯებს წინ და ვთანამშრომლობდით თავდაცვის მრეწველობის სფეროშიც. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება რუსეთთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ვისთან უფრო ხედავს სარგებელს თურქეთი ურთიერთობებში, რუსეთთან თუ აშშ-თან, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კითხვა არ უნდა დაუსვან პოლიტიკურ ლიდერს.
„იმიტომ, რომ პოლიტიკაში ჩართულობის გზა, შეძლებისდაგვარად, მიზნად ისახავს კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს ქვეყნებთან მომგებიანი სცენარის საფუძველზე. რუსეთი და ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმავე მომგებიანი მიდგომით“, – განაცხადა მან.