რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში მოსახლეობის ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
ისრაელი ღაზაში მოსახლეობის ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის პალესტინელ კოლეგასთან, მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თურქული მედიის ცნობით, აბასთან სატელეფონო საუბარში ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველა საშუალება უნდა იყოს მობილიზებული ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებისთვის, რომელიც შეიცავს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ მოთხოვნებს.
„რაც არ უნდა იყოს, ჩვენ გავაგრძელებთ ღაზაზე ისრაელის ბარბაროსული თავდასხმების წინააღმდეგ დგომას და ისრაელი აუცილებლად გადაიხდის ამ ტირანიისთვის საფასურს“, – განაცხადა ერდოღანმა.