რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.
„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეგობარ საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 100 წლისთავი საქართველოსთან, რომელიც იყო პირველი ქვეყანა, ვინც ანკარაში საელჩო გახსნა. დარწმუნებული ვარ, თქვენი აღმატებულების მხარდაჭერით ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“, – ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.