რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ისრაელზე ზეწოლა განახორციელონ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ისრაელზე ზეწოლა განახორციელონ. ამის შესახებ ერდოღანმა მადრიდში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა მიესალმება ნებისმიერ შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე ომს დაასრულებს. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია თურქეთისთვის შემაშფოთებელია.
„ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ ისრაელზე ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ისრაელი განაგრძობს სასტიკ ხოცვა-ჟლეტას, ასეთ დროს, განსაკუთრებით, ამერიკის პოზიცია ჩვენთვის ნამდვილად შემაშფოთებელია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.