რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გაერო-ს სისტემის გაფართოების მიზნით, უშიშროების საბჭოს რეფორმა უნდა განვახორციელოთ
კაცობრიობა მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ მშვიდობასა და მომავალზე. პირველ რიგში კი, კორონავირუსის პანდემია, – ამის შესახებ გაერო-ს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა გაერო-ს სისტემის გაფართოების მიზნით, უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ წინაშეა სურათი, სადაც 170 მილიონი ადამიანი მსოფლიოში დახმარებისა და დაცვის საჭიროებას განიცდის. შიმშილს განიცდის 820 მილიონზე მეტი, 70 მილიონზე მეტი კი, კონფლიქტებისა და ჩაგვრის გამო, იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. სამწუხაროდ, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ გაამწვავა ეს უსამართლობა და უთანასწორობა მსოფლიოში. გაერო-ს სისტემას არ შეუძლია არც კონფლიქტების პრევენცია და არც უკვე დაწყებულების დასრულება. ახლა ყველა ვხედავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავძლიოთ ეს გამოწვევები, იმ სტრუქტურების საშუალებით, რომლებიც წინა საუკუნისთვის შეიქმნა.
გაერო-ს სისტემის გაფართოების მიზნით, ჩვენ ჯერ უშიშროების საბჭოს რეფორმა უნდა განვახორციელოთ. საბჭო, რომელიც შვიდი მილიარდი ადამიანის ბედს ხუთი ქვეყნის გულმოწყალების იმედად ტოვებს, სამართლიანი არ არის. საბჭოს სტრუქტურა, რომელიც არის დემოკრატიული, გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი, ეფექტური და დაფუძნებულია სამართლიან წარმომადგენლობაზე, გახდა აუცილებლობა და არა არჩევანი კაცობრიობისთვის. მჯერა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის გაძლიერება და გამოცოცხლება ჩვენს პრობლემებზე გამოსავლის ძიებას ხელს შეუწყობს. კონტინენტების გზაჯვარედინის სტამბოლის ტრანსფორმაცია გაერო-ს ცენტრად, ასევე ხელს შეუწყობს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალისხმევას“,- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.