რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გაცვლითი კურსების სიმყიფე თურქეთის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაა
გაცვლითი კურსების სიმყიფე თურქეთის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ეროვნული ვალუტის მერყეობის საპასუხოდ, ხელისუფლება შესაბამის ზომებს იღებს და შედეგები უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
სამხედრო ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიაზე, თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, C-400-ის საკითხზეც და თქვა, რომ ანკარას აღნიშნული შეიარაღება სჭირდება და შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში შეისყიდის.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს F-35-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებიც სჭირდება და თუ აშშ უარს ეტყვის, თვითმფრინავების შეძენას სხვა ქვეყნებისგან შეეცდება.
ვაშინგტონი თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო კომპლექსის შეძენას ეწინააღმდეგება. აშშ-ის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რუსული შეიარაღების განთავსებამ შესაძლოა, აშშ-ის ტექნოლოგიებს საფრთხე შეუქმნას.