თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფიზულის რაიონში ჩავიდა, სადაც მას კოლეგა ილჰამ ალიევი დახვდა.
თურქული გამოცემა „TRT Haber“-ის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელი კონფლიქტის შემდეგ ფიზულიში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობიან, რის შემდეგაც ჯებრაილის რაიონის სოფელ ჯოგუქ მარჯანლიში გადაინაცვლებენ. ასევე, ერდოღანი და ალიევი ჩავლენ ქალაქ შუშაში, სადაც მხარეთა შორის დოკუმენტებს მოეწერება ხელი.
როგორც გამოცემა წერს, შეთანხმებები ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაბრუნებული ტერიტორიების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტებს.
„გაფორმდება საერთო განცხადება, რომელიც ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნავს გამოცემა „TRT Haber“.
თურქული სააგენტო „Yeni Safak“-ის ინფორმაციით, ომის შემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში თურქული კომპანიებიც ჩაერთვებიან. მედიის ცნობით, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება თურქულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის ამ მიმართულებით ვალდებულებებს გაანაწილებს. სავარაუდოდ, ასევე განიხილება საგზაო და სარკინიგზო ხაზების მშენებლობის პროექტები, რომლებიც აზერბაიჯანს ნახჭევანის ექსკლავთან დააკავშირებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ ჯარისკაცებსაც შეხვდება.
ამასთან, აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმა.
„ნატო-ს სამიტის შემდეგ ჩვენ აზერბაიჯანის ისტორიულ და კულტურულ ცენტრ შუშაში ჩავდივართ. ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. კავკასიის ისტორიაში ახალი გვერდი რწმენით, მონდომებითა და სიმამაცით იწერება“, – წერს ქალინი.