რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ფინეთთან და შვედეთთან მემორანდუმი თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა
ფინეთთან და შვედეთთან მემორანდუმი თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ანკარა ყურადღებით დააკვირდება მემორანდუმში შეთანხმებული პუნქტების შესრულებას და შესაბამისად გადადგამს ნაბიჯებს.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შვედეთმა პირობა დადო, რომ თურქეთს 73 ტერორისტს გადასცემს.
ნატო-ს ანტიტერორისტული ძალისხმევის შესახებ საუბრისას, ერდოღანმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია ალიანსმა აჩვენოს თავისი გადაწყვეტილება ტერორიზმთან ბრძოლის ყველა ფორმით, მაგრამ ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აშშ-სგან „ეფ-16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების პოტენციურ შესყიდვაზე და თქვა, რომ თურქეთის დელეგაცია კონგრესში რესპუბლიკელების მხარდაჭერის მოსაპოვებლად აშშ-ში გაემგზავრება.