რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების რაოდენობა მალე მილიონებს მიაღწევს
თურქეთის მიერ საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროპის მიმართულებით ასობით ათასი მიგრანტი წავიდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების რაოდენობა მალე მილიონებს მიაღწევს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებისთვის და ტერიტორიისა და უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის, ლტოლვილებთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან ცალმხრივი მსხვერპლშეწირვის დრო კი დასრულდა.
თურქეთის ხელისუფლებამ ევროპის მიმართულებით მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნის შესახებ გასული კვირის ბოლოს განაცხადა. საბერძნეთის საზღვართან პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ანკარაში ამბობენ, რომ იდლიბში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, თურქეთის საზღვრისკენ ლტოლვილთა ახალი ნაკადები მიემართება, რასთან გამკლავებაც თურქეთს აღარ შეუძლია. თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.