რეჯეფ თაიფ ერდოღანი „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ავღანეთის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ავღანეთის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა მზადაა, უხელმძღვანელოს ამ სამუშაო ჯგუფს.
„მოკლე დროში ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესის მიუხედავად, საჭიროა ავღანელი ხალხის მიმართ ძლიერი სოლიდარობის გამოვლენა ამ ქვეყანაში გაღრმავებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო.
„ეს არის გლობალური საკითხი და ჩვენ „დიდი ოცეულის“ ფარგლებში უნდა გვქონდეს გლობალური ხედვა. მჯერა, რომ გვჭირდება სამუშაო ჯგუფის შექმნა ამ საკითხების გადასაჭრელად. საერთაშორისო თანამეგობრობას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ავღანელ ხალხს ზურგი აქციოს და ეს ქვეყანა მიატოვოს“, – აღნიშნა ერდოღანმა.