რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ გვჯერა, რომ ომი უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ გვჯერა, რომ ომი უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე

ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური მთლიანობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„შესაფერისად მივიჩნევთ და მხარს ვუჭერთ პლატფორმას, რომელიც შეიქმნა ყირიმის საკითხის გადასაწყვეტად მშვიდობიანი გზებით. თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია არის არაკონსტიტუციური, უკანონო და არ აღიარებს მას. ეს არის პრინციპული პოზიცია, რომელსაც აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური საფუძველიც. ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური მთლიანობის შენარჩუნება. თურქეთის პრიორიტეტი ასევე არის ყირიმელი თათრების უსაფრთხოება და კეთილდღეობა, რომლებიც რეგიონის მკვიდრ ხალხს წარმოადგენენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი სამართლიანი მშვიდობით უნდა დასრულდეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ომი, რომელიც მიმდინარეობს 24 თებერვლიდან უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. თურქეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ამ მიზნის მისაღწევად დიპლომატიური არხების ეფექტურობისთვის. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან და კონკრეტულ მიღწევებს, რაც გამოიხატება ანტალიაში მარტის თვეში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით, სამშვიდობო მოლაპარაკებებით სტამბოლში და განსაკუთრებით მარცვლეულის შეთანხმებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ეს პოზიცია 18 აგვისტოს ლვოვში ვიზიტის დროს. თუმცა, დინამიკის შენარჩუნება და მისი გარდაქმნა მდგრად შედეგებად დამოკიდებულია მხარეთა მიერ მშვიდობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ერდოღანმა.