რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბრიუსელის მხრიდან დაპირების შეუსრულებლობის მიუხედავად, თურქეთი ევროკავშირის წევრობისკენ კურსის მხარდაჭერას შეინარჩუნებს
ბრიუსელის მხრიდან დაპირების შეუსრულებლობის მიუხედავად, თურქეთი ევროკავშირის სრული წევრობისკენ კურსის მხარდაჭერას შეინარჩუნებს. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იუსტიციის სფეროს განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.
„ამ რეფორმით ჩვენ გამოვხატავთ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრებისადმი ჩვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი არ ასრულებს ჩვენთვის მოცემულ დაპირებებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანის თქმით, იუსტიციის სფეროში რეფორმები სასამართლოსადმი ნდობას გაზრდის და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სასამართლო სისტემა სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ახალ მიდგომებს მოიცავს.
კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, თურქეთში დაიბლოკება ვებგვერდების მხოლოდ პრობლემური განყოფილებები, ვებგვერდის სრული აკრძალვის ნაცვლად. შეგახსენებთ, თურქეთში 2017 წლიდან დაბლოკილია ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედია“.
29 მაისს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი ევროკავშირისგან დაშორებას განაგრძობს. ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შორის დასახელებულია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვითარება.