რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბაიდენის ადმინისტრაციამ დაპირება უნდა შეასრულოს და სირიაში ტრაგედიის დასასრულებლად თურქეთთან ერთად იმუშაოს
ბაიდენის ადმინისტრაციამ დაპირება უნდა შეასრულოს და სირიაში ტრაგედიის დასასრულებლად თურქეთთან ერთად იმუშაოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში განაცხადა.
ერდოღანის თქმით, სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება დასავლეთის მიერ თურქეთისთვის გაწეულ დახმარებაზეა დამოკიდებული.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიაში მშვიდობის და სტაბილურობის აღსადგენად გადამწყვეტია ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, რომელიც ყველა სირიელის ნებას გამოხატავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონები შექმნა, ტერიტორია ტერორისტებისგან გაათავისუფლა და არაერთი პროგრამა განახორციელა.
„ყველა ამ ზომების მიღებით, თურქეთმა ევროპა არალეგალური მიგრაციისა და ტერორიზმისგან დაიცვა და ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარზე უსაფრთხოება უზრუნველყო. ჩვენი მოქმედებები, რომლებიც ასახავს ჩვენს ღირებულებებს, მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას, რომ თურქეთი არის ჩაგრული ხალხის იმედი, უდანაშაულოების მცველი და გადაჭრის გასაღები“, – აცხადებს ერდოღანი.