რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ იყენებს ტერორისტულ ორგანიზაციებს რეგიონში საკუთარი ინტერესებისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის
აშშ იყენებს ტერორისტულ ორგანიზაციებს რეგიონში საკუთარი ინტერესებისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტული ჯგუფი, რომელიც იყენებს არასტაბილურობას სირიაში, ფუჭად ხარჯავს ძალისხმევას დასავლური ქვეყნების მფარველობის მოსაძებნად.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთი კომპრომისზე არ წავა.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა გაერო-ს ფარგლებში წამოიწყო ინიციატივა ისრაელისთვის იარაღის ყოვლისმომცველი ემბარგოს დაწესების შესახებ, რადგან ისრაელის გაძლიერებული თავდასხმები ღაზასა და ლიბანზე ყოველდღიურად ასობით ადამიანს კლავს.
„იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ანკარის მოწოდებას ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ, როგორც კაცობრიობის ალიანსი და გავხსნით კარს გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.