რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის პრეზიდენტმა „პოზიტიური დამოკიდებულება“ გამოავლინა „ეფ 16“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაყიდვასთან დაკავშირებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „პოზიტიური დამოკიდებულება“ გამოავლინა „ეფ 16“-ის ტიპის (F-16) მოიერიშე თვითმფრინავების გაყიდვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„წინა პლანზე წამოიწია ჩვენი „ეფ-16“-ის განახლების ან ახალი „ეფ-16“-ის შეძენის საკითხი. პროცესს ჩვენი თავდაცვის მინისტრები აგრძელებენ“, – თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგას გადასცა თურქეთის წუხილი იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც იღებენ ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა „ქურთისტანის მუშათა პარტია“, „დემოკრატიული კავშირის პარტია“ და „სახალხო დაცვის შენაერთი“, განსაკუთრებით აშშ-ისგან.
ერდოღანის განცხადებით, ასეთი დახმარება აზიანებს ორ ქვეყანას შორის სოლიდარობას. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ, სირიის ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა აღარ გაგრძელდება.