რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აფრინში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, მისია იდლიბის პროვინციაში გაგრძელდება
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, მისია იდლიბის პროვინციაში გაგრძელდება.
„ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი სირიელი ძმები და დები დაუბრუნდნენ საკუთარ მიწას. ჩვენი გმირი ჯარისკაცები დღეს აფრინში ისტორიას წერენ და ხვალ იგივეს გააკეთებენ ყველგან, ჩვენ საზღვრებთან, სადაც ტერორისტები არიან“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში 1 028 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა.
ქურთული სააგენტოები წერენ, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას ქურთულმა ჯგუფებმა თურქეთის არმიის 13 ტანკი გაანადგურეს. სირიის ჩრდილოეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ 20 იანვარს განაცხადა.
თურქეთის არმიას დახმარებას სირიის პრეზიდენტის მოწინააღმდეგე „თავისუფალი სირიის არმია“ უწევს, რომელიც არაბებით და თურქმენებითაა დაკომპლექტებული. სამხედრო ოპერაცია ძირითადად ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ჯგუფებად მიიჩნევს.