რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შენელდა, მაგრამ თურქეთი შუამავლობას არ შეწყვეტს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა შეაფერხა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული პროცესი. თუმცა მისი თქმით, თურქეთი გააგრძელებს ყველა აუცილებელ ძალისხმევას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. „ანადოლუს“ ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მხარეებმა მიაღწიეს საგრძნობ პროგრესს მოლაპარაკებებზე, თუმცა კადრებმა ბუჩადან და ირპენიდან, კარამტორსკის მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ გამოყენება ჩვენს ძალისხმევას ჩრდილს აყენებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიან დარეგულირება მხოლოდ დიალოგის გზით და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზეა შესაძლებელი.