რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 ათასს გადააჭარბა
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 ათასს გადააჭარბა, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
მისივე თქმით, მიწისძვრიდან ერთი თვის შემდეგ სტიქიური უბედურების ზონიდან სამი მილიონი ადამიანია ევაკუირებული. მათი ნაწილი ახლომდებარე სოფლებში გადაიყვანეს. უახლოეს ხანში ასევე იგეგმება კონტეინერების ქალაქების ფართობის გაზრდა, სადაც უსახლკაროდ დარჩენილები დროებით შეაფარებენ თავს.
ამასთან, თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ სტიქიის შედეგად ნგრევა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ხელისუფლებამ საკმარისად სწრაფად რეაგირება ვერ მოახერხა, თუმცა, ერდოღანის თქმით, მთავრობა არ შეუშინდა სირთულეებს და სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათში გააქტიურა. ამავე გამოსვლის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლები ერთი წლის განმავლობაში აშენდება.