რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთსა და საუდის არაბეთს აქვთ საერთო ნება ორ ქვეყანას შორის დიდი ეკონომიკური პოტენციალის ხელახალი გააქტიურებისთვის
თურქეთსა და საუდის არაბეთს აქვთ საერთო ნება ორ ქვეყანას შორის „დიდი ეკონომიკური პოტენციალის ხელახალი გააქტიურებისთვის“. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2017 წლის შემდეგ საუდის არაბეთის სამეფოში მისი პირველი ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
საუდის არაბეთიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ მხარეებს გადაწყვეტილი აქვთ, დააჩქარონ ძალისხმევა საერთო ინტერესებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის.
„ჩვენ შევთანხმდით საუდის არაბეთთან, რომ ხელახლა გავააქტიუროთ დიდი ეკონომიკური პოტენციალი ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც გააერთიანებენ ჩვენს ინვესტორებს. თურქეთმა დავაანონსეთ, რომ მხარს დავუჭერთ ერ-რიადში EXPO 2030-ის მასპინძლობას. მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი იქნება ახალი ეპოქის მაუწყებელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. გამოვავლინეთ ჩვენი საერთო ნება კავშირების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.
„როიტერის“ ცნობით, საუდის არაბეთში ერდოღანის ვიზიტი იყო მხარეთა შორის ერთთვიანი დაახლოების პროცესის კულმინაცია. მათივე ცნობით, თურქეთი ასევე მუშაობს ისრაელთან დიდი ხნის დაძაბული ურთიერთობების გამოსწორებაზე. მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ანკარას პირველი დიპლომატის ამ ქვეყანაში ვიზიტი მაისში იგეგმება.
გარდა ამისა, ერდოღანმა ეგვიპტის თაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის მსგავსი პოლიტიკა ოფიციალური კაიროს მიმართაც უნდა გატარდეს და ამჟამინდელი, დაბალ ნიშნულზე არსებული დიალოგი ინტენსიური გახდეს.
თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები 2018 წელს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში, ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ დაძაბული იყო.