რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა, საიდანაც გაზი ევროპას მიეწოდება
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორია, საიდანაც შემდეგ გაზი ევროპას მიეწოდება, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით თრაკიას რეგიონია.
ერდოღანის თქმით, თურქეთს უკვე გააჩნია ბუნებრივი აირის ჰაბი, რომელიც რესურსის ქვეყნის შიგნით მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ახალი ჰაბი კი საერთაშორისო მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.
გაზის ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული ინიციატივის შესახებ გუშინ, ასტანაში ერდოღანთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც თურქეთის პრეზიდენტი განმარტავს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებსა და რუსული მხარიდან შესაბამის უწყებებს უკვე დაევალათ ამ მიმართულებით ერთობლივი ნაბიჯების შემუშავება.