რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას
თურქეთს სურს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დიალოგი, რომ ლიდერები სისხლისღვრის შესაჩერებლად შეკრიბოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, საუბრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტს ეტყვის, რომ თურქეთის საბოლოო მიზანი მათი შეხვედრაა.
ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის, როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფოს შესაძლო როლს და თქვა, რომ ანკარა მზადაა, გახდეს გარანტი ქვეყანა, თუმცა დეტალები უნდა დაზუსტდეს.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, ნაცვლად ამისა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას.
„ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ ჩვენთან მჭიდრო კავშირში არსებულ ბევრ გეოგრაფიაში, როგორიცაა სირია, ლიბია და სამხრეთ კავკასია“, – თქვა ერდოღანმა.