რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, საუბრისას ზელენსკის მან გაუზიარა მოსაზრება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მდგრადი მშვიდობის დამყარებას.
„ჩვენ თავიდანვე შევიტანეთ და შეგვაქვს წვლილი ომის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად. ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელშიც რუსეთიც ჩაერთვება”, – ამბობს ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომს მზარდი ნეგატიური გავლენა აქვს. ერდოღანის თქმითვე, ის სთავაზობს რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის ახალ შეთანხმებას.