რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მზად არის, შეასრულოს მედიატორის როლი და რუსეთ-უკრაინის სამიტს უმასპინძლოს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის, რუსეთ-უკრაინის სამიტს უმასპინძლოს.
თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა იზრდება და დაძაბულობის განსამუხტად თურქეთი მზად არის, შეასრულოს მედიატორის როლი და უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამიტს ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით.
ამასთან, ერდოღანის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი და ევროპის ქვეყნების ლიდერები ვერ ახერხებენ სიტუაციის დასტაბილურებას და არსებული დაძაბულობის მშვიდობიან მოგვარებაში წვლილის შეტანას.
„დღეს ევროპაში ლიდერის არსებობის პრობლემაა. ადრე, მნიშვნელოვან საკითხებში წამყვანი როლის შესრულებას საკუთარ თავზე ანგელა მერკელი იღებდა. დღეს ასეთი ლიდერები არ არიან”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ თურქეთი ისრაელის ბუნებრივი აირის გამოყენებას გეგმავს და მზად არის, ევროპაში მისი ტრანზიტის საკითხი ისრაელის პრეზიდენტთან განიხილოს, რომლის ვიზიტი ანკარაში უახლოეს ხანებში იგეგმება.