რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ მივმართავთ შესაბამის ინსტანციებს ღაზის სექტორში გენოციდის შესახებ სარჩელით, თვალს მივადევნებთ პროცესს, საფასური უნდა იქნას გადახდილი
თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ინსტანციებში სარჩელს წარადგენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
„ორი ათასზე მეტ ადვოკატთან ერთად, ჩვენ მივმართავთ შესაბამის ინსტანციებს გენოციდის შესახებ სარჩელით. თვალს მივადევნებთ პროცესს, არ მივატოვებთ მას შუა გზაზე. საფასური უნდა იქნას გადახდილი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ისრაელის დანაშაული საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას გამოძიებული, მჩაგვრელებს კი დამსახურებული სასჯელი უნდა დაეკისროთ.
ერდოღანმა გერმანიაში თავისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და ბერლინს მოუწოდა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების საკითხში შუამდგომლობისკენ. ერდოღანის ინფორმაციით, ისრაელს 10 ათასამდე პალესტინელი ჰყავს დაკავებული.
„გერმანიამ გადადგას ნაბიჯი მათი გათავისუფლებისკენ, ჩვენ კი ძალისხმევას მივმართავთ იმ პირების გასათავისუფლებლად, რომლებიც „ჰამასის“ ხელში არიან“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერის განმარტებით, ანკარა ცდილობს, ღაზიდან მძიმედ დაშავებულების თურქეთში ტრანსპორტირება უზრუნველყოს.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერდება თურქეთი და რაც უფრო მეტად იცავს თავის ინტერესებს ყველა მიმართულებით, მით უფრო იზრდება მის მიმართ მტრობის დონე.