რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, საპასუხო ზომებს მიიღებენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, საპასუხო ზომებს მიიღებენ

აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით თურქეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში ანკარა კონტრსანქციებს აუცილებლად დააწესებს.

„ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელსაც შეიძლება, ხელ-ფეხი შეუკრა. მათ (აშშ) არ ერიდებათ და საუბრობენ, რომ ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება საკუთარი სანქციები მათ წინააღმდეგ“,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის მხრიდან თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესება ანკარის მიერ რუსეთისგან „ეს-400“-ის საზენიტო სისტემის შეძენას უკავშირდება.

„ეს-400“ შორ მანძილზე მოქმედი უახლესი სისტემაა, რომელიც ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე სახმელეთო ობიექტების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.