რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას თუ დათანხმდება, თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის რატიფიცირებას განახორციელებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თუ ჯო ბაიდენი თურქეთისთვის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვაზე თანხმობას განაცხადებს, თურქეთის პარლამენტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხის რატიფიცირებას განახორციელებს. ამის შესახებ აზერბაიჯანიდან სამშობლოში მიმავალმა თურქეთის პრეზიდენტმა თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე გასულ კვირას, ნიუ-ორკში ისაუბრეს.
ერდოღანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია თურქეთისთვის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის საკითხს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადის რატიფიცირებასთან აკავშირებს.
„ისინი თუ შეასრულებენ თავიანთ პირობას, ჩვენი პარლამენტი ასევე შეასრულებს ჩვენს დაპირებას. თურქეთის პარლამენტს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ნატო-ში შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ ანკარამ ვაშინგტონისგან F-16 და თურქეთის არსენალში არსებული თვითმფრინავების მოდერნიზებისთვის კომპლექსები ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა. 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი 40 ერთეულ ავიაგამანადგურებელსა და 79 საბრძოლო თვითმფრინავის მოდერნიზებისთვის კომპლექსებს მოიცავს.