რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემთხვევაში ისრაელი თურქეთის ნაწილების ოკუპაციას შეეცდება
„ჰამასის“ დამარცხების შემთხვევაში, ისრაელი თურქეთის ნაწილების ოკუპაციას შეეცდება“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი განაგრძობს „ჰამასის“ გვერდში დგომას, რომელიც იბრძვის საკუთარი მიწის დამოუკიდებლობისთვის.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ასევე უზრუნველყოფს, რომ გენოციდში დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
„არ იფიქროთ, რომ ისრაელი ღაზაში გაჩერდება. თუ არ შეჩერდა, ეს გაიძვერა და ტერორისტული სახელმწიფო ადრე თუ გვიან მზერას ანატოლიას მიმართავს აღთქმული მიწის ილუზიებით. ნაკბას, კატასტროფის დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მთელი ჩვენი არსებითა და რესურსებით, რომ გვერდში ვუდგავართ პალესტინას და პალესტინის საქმეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ისრაელის მედიის თანახმად, ისრაელს არასოდეს განუცხადებია, რომ თურქეთის რომელიმე ნაწილი მას ეკუთვნის და გაურკვეველია, რას ეფუძნება ერდოღანის პრეტენზიები.