რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გენერალ ჰაფთარს გაკვეთილს ვასწავლით, თუ ლიბიის მთავრობაზე შეტევას არ შეწყვეტს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გენერალ ჰაფთარს გაკვეთილს ვასწავლით, თუ ლიბიის მთავრობაზე შეტევას არ შეწყვეტს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მზად არის, იმოქმედოს ლიბიაში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ, თუ გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ შეტევას არ შეწყვეტს.

თურქეთის ლიდერი პირობას დებს, რომ გენერალ ჰაფთარს გაკვეთილს ასწავლის.

„პუტჩისტმა ჰაფთარმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმას ხელი არ მოაწერა. თავდაპირველად მან თანხობა განაცხადა, თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ მოსკოვიდან გაიქცა. უახლოეს დღეებში ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რა არჩევანს გააკეთებენ პუტჩისტი ჰაფთარი და ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა. თუ პუტჩისტი ჰაფთარის თავდასხმები ხალხისა და ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდე გაგრძელდება, ჩვენ არ შევიკავებთ თავს, რომ მას გაკვეთილი ვასწავლოთ, რომელსაც ის იმსახურებს“,- განაცხადა ერდოღანმა.

ამბხოხებულთა მეთაურსა და ლეგიტიმური მთავრობის პრემიერს მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაეფორმებინათ, თუმცა ამბოხებულმა ლიბიელმა გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

მოსკოვიდან გამგზავრებისას, ჰაფთარმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება ლიბიის არმიის მთელ რიგ მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალიფა ჰაფთარი მოლაპარაკებების დროს ტრიპოლიში არმიის შეყვანასა და ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ლიბიაში 12 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ.

2011 წელს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ლიბიაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან.

ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.