რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირისა და ბირთვული ენერგიის სფეროში ეგვიპტესთან კავშირების გაღრმავება სურს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირისა და ბირთვული ენერგიის სფეროში ეგვიპტესთან კავშირების გაღრმავება სურს.
ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში ეგვიპტელ კოლეგასთან, პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისისთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა თქვა, რომ ორმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი სურვილი, გააუმჯობესოს ურთიერთობები ყველა სფეროში, მათ შორის ვაჭრობის, თავდაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
ეს თურქეთში ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში. მანამდე, თებერვალში ერდოღანი იმყოფებოდა ეგვიპტეში პირველად 2012 წლის შემდეგ.
თურქეთსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობები 2013 წელს, მას შემდეგ გამწვავდა, რაც, სისის ხელმძღვანელობით, რომელიც მაშინ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა, თურქეთის მოკავშირე, ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, „მუსლიმურ საძმოსთან“ დაკავშირებული მუჰამედ მურსი გადააყენეს.