რეჯეფ თაიფ ერდოღანი 15-16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრიუსელში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, 15-16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
„ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანს ვესტუმრები. თურქულ-აზერბაიჯანული ძმობა რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია. მთიან ყარაბაღში ისტორიული გამარჯვებით აზერბაიჯანმა 30-წლიანი ოკუპაცია დაასრულა. ამ გამარჯვებამ რეგიონში სტაბილურ მშვიდობას ჩაუყარა საფუძველი. ამ ეტაპზე იმ მიწას ვესტუმრები, რომელზეც სწორედ გამარჯვება იქნა მიღწეული. ჩემს ძმა ილჰამ ალიევთან ერთად ჩავალ შუშაში, სადაც თურქული სამყაროსთვის ისტორიული პიროვნებები აღიზარდნენ. შემდეგ კი, ალიევთან ერთად დედაქალაქ ბაქოში, თურქეთის ნაკრების თამაშს ვუყურებ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ამასთან, მედიის ცნობით, ქალაქ შუშაში ვიზიტის დროს ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, სადაც თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ყველა ასპექტი და მათი შემდგომი გაღრმავება განიხილება. ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პარლამენტშიც გამოვა სიტყვით.