რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს ახალ მიგრაციულ ნაკადთან გამკლავება არ შეუძლია და მის ეფექტს ევროპის ყველა სახელმწიფო იგრძნობს
თურქეთს ახალ მიგრაციულ ნაკადთან გამკლავება არ შეუძლია და მის ეფექტს ევროპის ყველა სახელმწიფო იგრძნობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თუ რუსეთისა და სირიის ავიაცია იდლიბის პროვინციის დაბომბვას არ შეწყვეტს, თურქეთის მიმართულებით მიგრაციული ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება და 2015 წლის მსგავსი მიგრაციული კრიზისი განმეორდება. ერდოღანის განცხადებით, იდლიბში საჰაერო დაბომბვის გამო საცხოვრებელი 80 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თურქეთის საზღვრის მიმართულებით წავიდა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იდლიბის პროვინციაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ქვეყნის დელეგაცია 23 დეკემბერს რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრება. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, სირიის მთავრობამ იდლიბში იერიში შეაჩერა, თუმცა შეტაკებები და დაბომბვა თითქმის ყოველდღიურად ხდება.