რეგულირების სააგენტომ 27 აფთიაქში რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი გამოავლინა
რეგულირების სააგენტომ 27 აფთიაქში რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამართალდარღვევა თბილისში, როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა. საუბარია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის რეცეპტიც პირველი მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს.

„რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.