საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს, რომელი შეზღუდვები იხსნება საქართველოში:
• სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
• სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
• საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
• მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს;
• რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან;
• ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;
• რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;
• კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან;
• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;
• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;
• სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
• მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან;
• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან;
• არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;
„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პისიარ-ტესტის ნეგატიური პასუხით, პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.