რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესი მარტივდება
პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესი მარტივდება. ცვლილებებს მეორე მოსმენით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი უკვე დაუჭირეს, რის შემდეგაც რეგლამენტში შესატან ცვლილებების პროექტს დღესვე, დაჩქარებული წესით, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ დეპუტატს უფლება ექნება, გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობა. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხებიც. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ ოთხ წევრს შეეძლება, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას.
რეგლამენტში შესატან ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს, თუმცა შენიშვნები მაინც აქვთ.
„საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად განვიხილავთ რეგლამენტში ცვლილებებს. ეს ცვლილებები ემსახურება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას საქართველოს პარლამენტში. მაგალითად ,საარჩევნო ბლოკის სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს თუ ისინი არ არიან პარტიის წევრები ან დატოვებენ პარტიას აქვთ შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ სხვა პოლიტიკური პარტიის ფრაქციაში, ასევე აქვთ შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენილ პარლამენტის წევრებს რომ შექმნან ოთხი პარლამენტის წევრისგან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციის გაძლიერებას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.