რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტმა მიღებული კანონების შესრულება უნდა გააკონტროლოს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეგლამენტის პროექტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანომ მის მიერ მიღებული კანონების შესრულება უნდა გააკონტროლოს. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც პარლამენტის რეგლამენტის პროექტს განიხილავდნენ.
„განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს დათმობილი საკანონმდებლო აქტების შესრულების ზედამხედველობაზე. ერთია, როდესაც პარლამენტი იღებს კანონს, როდესაც იბარებს მინისტრს, მაგრამ მეორე არის, როდესაც პარლამენტი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და აანალიზებს, მის მიერ მიღებული კანონი როგორ ცოცხლობს რეალურად პრაქტიკაში, რა შედეგები მოაქვს, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სფეროზე, საზოგადოებაზე და შესაბამისად სწორედ ასეთი ანალიზის შედეგად დაგეგმოს უკვე თავისი საკანონმდებლო, თუ საზედამხედველო საქმიანობა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საზედამხედველო ფუნქცია ეხება არა ტექნიკურ ცვლილებებს, არამედ რეფორმებს.
„როდესაც ჩვენ დიდ რეფორმებს ვატარებთ, იქნება ეს მართლმსაჯულების რეფორმა თუ სხვა, ის კომიტეტი, რომელიც წამყვანი იყო, სხვა პარლამენტებში ასე ხდება ,გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთი წლის, ორი წლის, სამი წლის შემდეგ უბრუნდება ამ თემას და იკვლევს და სწავლობს, თუ როგორ მუშაობს მიღებული კანონი, რა გავლენა აქვს და რა ხარვეზები არსებობს. თუ ხარვეზები არსებობს, უკვე კომიტეტი გეგმავს, როგორ უპასუხოს ამ ხარვეზებს – კანონი უნდა შეცვალოს თუ სხვა რაღაც გააკეთოს. ვფიქრობთ, ეს ჩვენი საქმიანობის ძალიან საინტერესო კომპონენტია, რომელსაც არ ვიყენებთ და გთავაზობთ, უფრო გავააქტიუროთ ასეთი ტიპის საქმიანობა. ასევე, შემოთავაზებულია კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობის შემოწმება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.