ფოთში, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას თქმით, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, სპექტაკლები და პერფორმანსები მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და საგამოფენო დარბაზებში ჩატარდება.
„წელს სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა ფოთის თეატრის შენობის ავარიულმა მდგომარეობამ. ველოდებოდით, რომ მსუბუქად იქნებოდა დაზიანებული და მოვახერხებდით შენობაში შესვლას, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოხდა ასე. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, ან უნდა წავსულიყავით სხვა ქალაქში და ჩაგვეტარებინა ფესტივალი, ან რაღაც სხვა უნდა მოგვეფიქრებინა. მორალურად, ვერ წავედი ამ ქალაქიდან, რადგან ფოთი 4 წლის წინ მე ავირჩიე და მხარს მიმაგრებდა ფოთის თეატრის არსებობა, მსახიობები. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება აგვეთვისებინა სხვადასხვა ალტერნატიული სივრცეები“, – განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ.
პროგრამის მიხედვით, ფესტივალი სპექტაკლით „მედეა, გაძევებული“ უნდა შემდგარიყო, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, ლონდონელმა მსახიობმა დაუდგენელი მიზეზით, გამომგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამიტომაც, სპექტაკლი სხვადასხვა თეატრის მსახიობებისაგან შემდგარი, ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ანტი-მედეათი“ გაიხსნა.
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის გახსნა მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა.