რეგიონული თეატრების ფესტივალი, ფოთის თეატრის ნაცვლად, ალტერნატიულ სივრცეებში გაიმართება
ფოთი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს, ტრადიციულად, წელსაც უმასპინძლებს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ფოთის თეატრის ავარიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. თეატრში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.
თეატრის დირექტორის განცხადებით, ფესტივალის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება საორგანიზაციო საბჭომ მაინც მიიღო. მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებისთვის ქალაქში არსებული ყველა შესაბამისი სივრცე იქნება გამოყენებული.
„შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები როდის დაიწყება, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ექსპერტიზა არ ჩატარებულა. მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, ფესტივალი ფოთში გაიმართოს, რათა რეალურად სხვა ქალაქში არ გადავიდეს. ალტერნატიულ სივრცეებს შევარჩევთ და ყველას გამოვიყენებთ, სადაც შესაძლებლობა იქნება, ღონისძიებები გაიმართოს“, – განაცხადა თეატრის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ.
ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნულ საკითხზე ქალაქის მერს, გოჩა კურდღელიას შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, ფესტივალი 21–30 ივლისს ჩატარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ინგლისიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან და რუსეთიდან ჩამოსული დასები მიიღებენ მონაწილეობას.
რეგიონული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.