რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი შენიშვნებით დაუჭირა
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი შენიშვნებით დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, პრინციპების დონეზე – პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომლებშიც შედის კანონპროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხის ირგვლივ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა, სხდომაზე მწვავე დისკუსია გაიმართა.

სხდომაზე ფაქტობრივად ყველა ერთსულოვანი იყო არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნის თაობაზე, თუმცა უარყოფითი პოზიცია დაფიქსირდა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გამო, რომლის შესაბამისად, დაცულ ლანდშაფტებში დასაშვები ხდება მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა.

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში შესატან აღნიშნულ ცვლილებებს მხარი შენიშვნებით დაუჭირა. კერძოდ, კომიტეტი ინიციატორს სთავაზობს კანონით დაცულ ლანდშაფტებში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თაობაზე ჩანაწერი ამოღებულ იქნას.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შეფასებით, მნიშვნელოვანია არაგვისა და თრუსოს ხეობაში დაცული ლანდშაფტების შექმნა, თუმცა მისივე აზრით, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორცილება ამ ტერიტორიებზე დაუშვებელია.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მზად არიან კონსულტაციებისთვის და კანონით დაცულ ლანდშაფტებში მხოლოდ ისეთი ობიექტების მშენებლობას დაუშვებენ, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტის განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დასასრულ, ზაზა გაბუნიამ დამსწრე საზოგადოებას კომიტეტის შენიშვნები გააცნო და განაცხადა, რომ კომიტეტისგან აღნიშნულ კანონპროექტს მხარდაჭერა სხდომაზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში ექნება.

წარმოდგენილ შენიშვნებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და საკითხის მომხსენებელი ნინო თანდილაშვილიც დაეთანხმა.